მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.
ეს გვერდი ეთმობა ქართული ვიკიპედიის საუკეთესო მასალების გამოფენას. რჩეული სტატია ვიკიპედიის სტატიის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს, რომელიც შეიძლება მკითხველს წარედგინოს. ამჟამად ქართულ ვიკიპედიაში 197 757 სტატიაა, მათ შორის კი მხოლოდ 265 რჩეულია. ამგვარ სტატიებს ვიკიპედიის მომხმარებლები ირჩევენ.
თუ მიიჩნევთ, რომ რომელიმე სტატია იმსახურებს ქართული ვიკიპედიის რჩეულ მასალად დასახელებას, დაასახელეთ თქვენი სტატია კანდიდატად. განხილვისა და კენჭისყრის შემდეგ რჩეული სტატია გარკვეული პერიოდით მთავარ გვერდზეც გამოიტანება. გახსოვდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში, საუკეთესო სტატიები ვიკიპედიის რედაქტორების ერთობლივი ნამუშევარია.
სალომე ზურაბიშვილი — საფრანგეთისა და საქართველოსპოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი. საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში, მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანა. დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის ლევან ზურაბიშვილის ოჯახში. იგი არის ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი. ქართულ პოლიტიკაში გამოჩენა საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლის მარტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. სამთავრობო გუნდთან და ქვეყნის პრეზიდენტთან კონფლიქტის შემდეგ ზურაბიშვილმა თანამდებობა დატოვა და აქტიურ ოპოზიციაში გადავიდა. ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში მან პოლიტიკური პარტია საქართველოს გზა დააფუძნა, მოგვიანებით იგი გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა და საქართველოს ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნით გამართულ არაერთ მანიფესტაციაში მიიღო მონაწილეობა. 2010 წლიდან სალომე ზურაბიშვილმა ქართული პოლიტიკა დატოვა და აკადემიური საქმიანობა გააგრძელა. ქართულ პოლიტიკას 2012 წლიდან დაუბრუნდა, როცა საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა. ზურაბიშვილმა 2016 წლის საქართველოს მე-9 მოწვევის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა დამოუკიდებელად, უპარტიოდ წამოაყენა. მმართველმა გუნდმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მას კონკურენტი კანდიდატი არ დაუყენა. 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველო პარტიის მხარდაჭერით ისარგებლა. საქართველოს მე-5 პრეზიდენტის არჩევნებში მან მე-2 ტურში საბოლოოდ გაიმარჯვა და 2018 წლის დეკებრიდან საპრეზიდენტო საქმიანობას შეუდგა. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით პრეზიდენტი ზურაბიშვილი არის პირდაპირი არჩევნების გზით არჩეული საქართველოს ბოლო პრეზიდენტი, რომელსაც ეს თანამდებობა 6 წლის ვადით ეკავა. ის არის აგრეთვე საქართველოში და მთლიანად კავკასიის რეგიონში არჩეული პირველი ქალი პრეზიდენტი.
სუკარნო — ინდონეზიელი პოლიტიკური მოღვაწე, ინდონეზიის პრეზიდენტი1945-1967 წლებში. ინდონეზიის ეროვნული გმირი. ეროვნული პარტიის დამაარსებელი. სუკარნო იყო ჰოლანდიური კოლონიალიზმისგან ინდონეზიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ლიდერი. მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხების შემდეგ, სუკარნომ და მოჰამედ ჰატამ 1945 წლის 17 აგვისტოს გამოაცხადეს ინდონეზიის დამოუკიდებლობა, სუკარნო პრეზიდენტად დაინიშნა. ხელმძღვანელობდა ჰოლანდიის ხელახალი კოლონიზაციის მცდელობების წინააღმდეგ ინდონეზიურ წინააღმდეგობას როგორც დიპლომატიური, ისე სამხედრო საშუალებებით, სანამ ჰოლანდიამ 1949 წელს არ აღიარა ინდონეზიის დამოუკიდებლობა. შედეგად, მიენიჭა ტიტული „გამოცხადების მამა“ („Father of Proclamation“). პარლამენტური დემოკრატიის პერიოდის შემდეგ, სუკარნომ 1959 წელს სტაბილურობის აღსადგენად და რეგიონული ამბოხებების ჩასახშობად შემოიღო ავტორიტარული სისტემა, რომელიც ცნობილია როგორც „მართული დემოკრატია“. 1960-იანი წლების დასაწყისისთვის, სუკარნო აგრესიულ საგარეო პოლიტიკას ატარებდა და ინდონეზია მიუმხრობლობის მოძრაობის წამყვან ხმად აქცია ანტიიმპერიალისტურ ბანაკში. დღეს, მისი მემკვიდრეობა, როგორც ინდონეზიის დამფუძნებელი მამისა და ეროვნული ერთიანობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო, მრავალი ინდონეზიელის მიერ სუჰარტოზე მეტად არის დაფასებული.
კვამე ნკრუმა — განელი პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, პოლიტიკის თეორეტიკოსი და რევოლუციონერი. ოქროს ნაპირის პრემიერ-მინისტრი 1952-1957 წლებში, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელი განის პირველი პრემიერ-მინისტრი (1957-1960) და დამოუკიდებელი განის პირველი პრეზიდენტი (1960-1966). ფელდმარშალი (1965). 1964 წელს თავი გამოაცხადა მუდმივ პრეზიდენტად. პანაფრიკანიზმის გავლენიანი მხარდამჭერი, ნკრუმა იყო „აფრიკის ერთობის ორგანიზაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და 1962 წელს საბჭოთა კავშირის მიერ გაცემული „ლენინური მშვიდობის პრემიის“ ლაურეატი. საზღვარგარეთ გატარებული თორმეტი წლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც იგი უმაღლეს განათლებას ეუფლებოდა, საკუთარ პოლიტიკურ ფილოსოფიას აყალიბებდა და სხვა დიასპორელ პანაფრიკანისტებთან ერთად ორგანიზაციულ საქმიანობას ეწეოდა, ნკრუმა ოქროს ნაპირზე დაბრუნდა, რათა დაეწყო თავისი პოლიტიკური კარიერა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის დამცველს. მან ჩამოაყალიბა კონვენტის სახალხო პარტია, რომელმაც რიგით ამომრჩეველზე ორიენტირებული უპრეცედენტო მიდგომით სწრაფ წარმატებას მიაღწია. 1952 წელს პრემიერ-მინისტრი გახდა და ეს თანამდებობა შეინარჩუნა 1957 წლამდე, როდესაც განას ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესს უხელმძღვანელა, რაც იმ დროისთვის საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკაში პირველი ასეთი შემთხვევა იყო. 1960 წელს განელებმა დაამტკიცეს ახალი კონსტიტუცია და ნკრუმა პრეზიდენტად აირჩიეს. 1999 წელს BBC-ის გამოკითხვით იგი ათასწლეულის აფრიკელად დასახელდა.